მესხეთის ხალხი დიდხანს იბრძოდა დამპყრობლის წინააღმდეგ, თუმცა უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა და იმისათვის, რომ მშობლიურ მიწას არ დამშვიდობებოდა, იძულებული გახდა მიეღო ისლამი.
ქართული გვარების შეცვლამ მნიშვნელოვნად შეარყია მაჰმადიანი მესხების ქართული თვითშეგნება. ხოლო გვარების ქართული სტრუქტურიდან აღმოსავლეთ (ოსმალეთ-აზერბაიჯანის) სტრუქტურაში გადმოტანა რეალური საფრთხე გახდა მაჰმადიანი მესხების ეთნიკური იდენტობისათვის. მაგრამ ნამდვილი გვარების დაკარგვის მიუხედავად, მათ შეძლეს შეენარჩუნებინათ საგვარეულო სახელები.წარმოდგენილი ნაშრომის ავტორი მერაბ ბერიძეა, პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი, ახალციხის უნივერსიტეტის პირველი რექტორი. მისი მიზანი იყო საქართველოში დაბრუნებული მესხების გვარების შესწავლა. იგი თვლის, რომ მესხების გვარების შესწავლის მუშაობა უნდა გაგრძელდეს. რაც დაკარგულის აღდგენას შეუწყობს ხელს. როგორც მათი ფესვების, კულტურის, ისტორიის, ასევე გვარების ცოდნა დაეხმარება მესხებს იპოვონ საკუთარი თავი. ამ ცხოვრებაში კი საკუთარი თავის პოვნა ადამიანის სრულყოფის მთავარი პირობაა.